თბილისი (GBC) – კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველისა" და „ფორმულას" წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მაუწყებლებმა ეთერიდან ამოიღეს.
თავდაპირველად ტელევიზიებმა ვიდეორგოლი ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მიზეზით ბადიდან ამოიღო. ტელეკომპანიებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ წესებს.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეორგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის „ტელეკომპანია პირველისა" და „ფორმულას" მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ საკითხზე დღეს, 13 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზეც განაცხადა და დასძინა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება და შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება. მისი მტკიცებით, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი.
პრემიერის თქმით, თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება.
„რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, ეუთო-ოდირი წინასწარ დასკვნას დადებს არჩევნების არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ ეს პროგნოზი იყოს სწორი. იმისათვის, რომ ეუთო-ოდირმა დადოს დასკვნა არაკონკურენტული არჩევნების შესახებ, ამისთვის ელემენტარული ხელჩასაჭიდი ხომ უნდა ჰქონდეს. მაგალითად, რა, რომ ვიღაცებს არ ჰქონდათ ბილბორდების განთავსების საშუალება, ან დაუბლოკეს რეგისტრაცია, ან საერთო გარემო არ იყო კონკურენტული. რაღაც ხელმოსაჭიდი ხომ უნდა იყოს. დღეს ყველა ხედავთ, რომ რეგისტრირებულია უამრავი პარტია. ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება - სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო-ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე. ან იგივე, როდესაც საუბარია თავისუფალ არჩევნებზე. რაღაც ხელმოსაჭიდი ხომ უნდა ჰქონდეს. თქვენ ხედავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესები საქართველოში, როგორია საარჩევნო გარემო. როცა არაფერია ხელმოსაჭიდი, რა უნდა დაწეროს ეუთო-ოდირმა. ამიტომ, მე რუსეთის დაზვერვის ამ განცხადებას ვერ დავეთანხმებოდი. თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება. მთავარი შემფასებელი ამ არჩევნების იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი. ეს არის ჩვენთვის მთავარი", - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 12 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი” 5 000 ლარით დააჯარიმა. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„მთავარი არხის” ცნობით, მარეგულირებელმა ჯარიმა იმ მიზეზით დააკისრა, რომ „ქართული ოცნების” მიერ მომზადებული პოლიტიკური რეკლამა ეთერში არ განათავსეს – როგორც არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, კლიპი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეხება, რაც კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ისინი არ არიან პოლიტიკური სუბიექტები.
“ეს კლიპი, კონკრეტული ნაწილი, რომელიც არის სადავო, ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ სამიზნედ არიან ამოღებული მოქალაქეები, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, არც ცესკო-ში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, არ იღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. ხოლო კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი.
„ქართული ოცნების” დაჟინებული მოთხოვნაა ამ ადამიანების წინააღმდეგ იყოს ეს გზავნილი, ისინი არიან წარმოჩენილნი, როგორც საზოგადოების მორალური გადამგვარებლები, ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთი კლიპი უნდა განთავსდეს ეთერში”, – თქვა თამთა მურადაშვილმა.