თბილისი (GBC) - პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" facebook-ზე აქვეყნებს პოსტს, სადაც იგი ეხმაურება "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან ამ ეტაპისთვის ვერ მიღწეულ შეთანხმებას. "საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაავრცელა. 

GBC გახარია "საქართველოსთვის" პოსტს სრულად გთავაზობთ:

"მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში.
ასევე, მადლობას ვუხდით “ლელოს” დისკუსიაში მონაწილეობისთვის.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი.

ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია.

საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ჩვენსა და “ლელოს” შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩვენი პოლიტიკური მიზანია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება".

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანებისკენ მოუწოდა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიებს.

ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ.

ოთხშაბათს, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გიორგი გახარიას მათთან „თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად“ შესვლა შესთავაზა. „ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი“, - დააზუსტა მან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ „ლელოს“ საარჩევნო ნომრით და სიით არჩევნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძის და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური პარტიები.

გუშინ, 18 სექტემბერს, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან და როგორც ჩანს ჯერჯერობით ვერ მოახერხა. ვნახოთ, დაველოდებით“.

გახარიამ ასევე დააზუსტა, რომ ხაზარაძის პარტიასთან უთანხმოება არ უკავშირდება პარტიულ სიაში ადგილების განაწილებას.