თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ  ის არა მხოლოდ  სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, არამედ მთლიანად ქვეყნის სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ,,ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ასრულებს.I ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სექტემბერში გეოლოგიური შესწავლის სამუშაოები დაიწყო, პარალელურად მიმდინარეობს დეტალური პროექტირება  და მალე  დაღრმავებითი სამუშაოებიც დაიწყება. 

აღინიშნა  პორტის როლი ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) და  საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში საქართველოს ინტეგრაციაში.

I  ფაზაში პროექტის გამტარუნარიანობა 600 000 კონტეინერი იქნება, პორტი დაახლოებით 8 მლნ ტ ტვირთის გატარებას შეძლებს.

დავითაშვილმა ბოლო დროის სტატისტიკა მოიხმო,  2019 წელთან შედარებით, ტვირთნაკადი 37%-ით გაზრდილია.  2023 წელს ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში 701 000 მეტი  კონტეინერი (TEU) გადამუშავდა, რაც 47%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემებს.  ანაკლიის პორტის ამოქმედება ასევე ახალ ბიძგს მისცემს შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარებას..

დაწყებულია მუშაობა ტვირთმფლობელებთან და გადამზიდავ კომპანიებთან, რათა პროექტი წარმატებული, კომერციულად მდგრადი და გრძელვადიანად კონკურენტუნარიანი იყოს.

"პროექტის განხორციელებას წინ არაფერი უდგას, ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ, პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და  მაქსიმუმ 2029 წლისთვის ჩვენ შევძლებთ პირველი გემების მიღებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. თუმცა, მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო დავაჩქაროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში Jan De Nul-სა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - დოკუმენტის თანახმად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, პრაქტიკა გაიარონ კომპანიის საკუთრებაში არსებულ გემზე, რომელიც  ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებზე იმუშავებს.