თბილისი (GBC) - პრემიერ–მინისტრმა და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მხრიდან გუშინ, 26 სექტემბერს ქუჩებში გამოკრულ ბანერებს, სადაც გამოსახულია რუსეთის მიერ უკრაინაში დანგრეული შენობების და ტაძრების ფოტოები, მათ გვერდით კი ჩანს ამჟამინდელი ქართული ეკლესიები. განმარტება გააკეთა: "ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად".

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი.

მისი თქმით, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია.

"დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს და ზოგადად რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში. რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ, სხვათა შორის ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-23 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა  და იმავეს აპირებენ ვიღაც ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი. ძალიან ხშირად მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პოლიტიკური პარტიები, თქვენი ენჯეოები იმას, რაც ხდება უკრაინაში წარმოაჩენენ რომანტიკულად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამასაც აკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეეგუოთ ომის იდეას, მაგრამ საქართველოში ომს და საქართველოში უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით, ვერც თქვენი მედია საშუალებები, ვერც თქვენი პარტიები და ვერც თქვენი ენჯეოები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო აგიტაცია და გააკეთა განცხადება, სადაც ვკითხულობდით, რომ: „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება.

ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მმართველ “ქართული ოცნების” პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.

უკრაინა თანმიმდევრულად, მყარად და მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს”, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ხუთშაბათს, 26 სექტემბრის დილას, ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.