თბილისი (GBC) - პოლიციამ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
დაკავებულებს საარჩევნო დოკუმენტაციების განზრახ გაყალბება ედება ბრალად. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.
აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა. გარდა ამისა, უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებელს, რომელიც დარღვევას იღებდა.