თბილისი (GBC) - „სამართლიანი არჩევნები" საარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის ყოვლისმომცველ მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაციამ 2024 წლის ოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, 27 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების ოფიციალური აქტივობა ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, ტიკ-ტოკსა და ტელეგრამზე, საჯარო მოსამსახურეების მიერ უკანონო აგიტაციის წარმოების შემთხვევები ფეისბუკზე. ანგარიშში წარმოდგენილია აღნიშნულ ოთხ პლატფორმაზე მოქმედი ანონიმური გვერდებისა და ანგარიშების კამპანიის ანალიზი და ფეისბუკზე მიმდინარე პოლიტიკური კამპანია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

„სამართლიანი არჩევნები"-ის ანგარიშში საუბარია, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ფეისბუკზე არაერთი გვერდით ოპერირებს. ძირითად ოფიციალურ გვერდებთან ერთად, პოლიტიკური გაერთიანებები მხარდამჭერებთან კომუნიკაციის მიზნით სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდული, ქალთა, რეგიონული, რაიონული ან უფრო მცირე ტერიტორიული ერთეულის ორგანიზაციის გვერდითაც სარგებლობენ. ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებიდან (27 აგვისტო) 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ორგანიზაციული ფეისბუკ გვერდების რაოდენობით გამოირჩეოდნენ „ქართული ოცნება“, „გახარია საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური და საარჩევნო კანონმდებლობის შეზღუდვების გამო პოლიტიკურმა პარტიებმა ოფიციალური წინასაარჩევნო კოალიცია (საარჩევნო ბლოკი) ვერ შექმნეს, მათი წარმომადგენლები საარჩევნოდ მაინც გაერთიანდნენ, რაც შესაბამისი პოლიტიკური პარტიების საერთო საარჩევნო კამპანიაშიც აისახა. მაგალითად, საარჩევნო სუბიექტის „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ საარჩევნო კამპანია იწარმოებოდა „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ელენე ხოშტარია - დროას“ ფეისბუკ გვერდებზეც. „ძლიერი საქართველოს“ კამპანიაში ჩართული იყო კოალიციაში შემავალი სუბიექტების - „ანა დოლიძე - ხალხისთვის“, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ და „თავისუფლების მოედანი“ - გვერდები. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია ხორციელედებოდა მასთან გაერთიანებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ გვერდებზეც. მსგავსად, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას ემსახურებოდა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ოფიციალური ფეისბუკგვერდის აქტივობაც.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გვერდებზე მეტად საანგარიშო პერიოდში ამ პოლიტიკური პარტიის სიით არჩევნებში მონაწილე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაუქმებული, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ გვერდები აქტიურობდნენ.

„სამართლიანი არჩევნები"-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გაერთიანებების ორგანიზაციულ გვერდებს შორის ყველაზე აქტიური „ხალხის ძალის“ ოფიციალური ფეისბუკგვერდი იყო, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 246 პოსტი გამოაქვეყნა. მაღალი აქტივობით, ასევე, გამოირჩეოდა „ძლიერი საქართველოს“, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდები. რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების გვერდებს შორის ყველაზე მეტი პოსტი კი „კონსერვატიული მოძრაობის“ გვერდებზე გამოქვეყნდა.

პარტიულ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე ფეისბუკმომხმარებელმა ინტერაქციით მმართველი პარტიის მთავარი ოფიციალური გვერდი გამოირჩეოდა. ამ გვერდის პოსტებზე რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამურმა რაოდენობამ დაკვირვების ქვეშ მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის კუთვნილი გვერდების (214) ჯამური ინტერაქციის 49% შეადგინა. ინტერაქციის გამორჩეულად მაღალი სიდიდე, ძირითადად, პარტიის გვერდზე რეკლამების აქტიურმა განთავსებამ განაპირობა.

პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ფეისბუკზე წარმოებული კამპანიის ძირითადი გზავნილები მათ მიერ ხშირად გამოყენებულ სიტყვებში გამოიხატება. ეს სიტყვები გამმიჯნავ ხაზს ავლებს ძირითად კონკურენტთან/კონკურენტებთან და აყალიბებს პოზიტიური და ნეგატიური კამპანიის ძირითად მიმართულებებს. მაგალითად, მაშინ, როდესაც მმართველი პარტიისთვის აქტუალური იყო ომისა და მშვიდობის, ეკლესიის დაცვისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის, ქართველი ერისა და „რადიკალების“ დაპირისპირების საკითხები, ძირითადი ოპოზიციის გზავნილები აქცენტს ევროპას/ევროკავშირსა და რუსეთს, კეთილდღეობასა და იზოლაციას შორის დაპირისპირებაზე აკეთებდა. კერძოდ:

  • „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების ტექსტში, პარტიების სახელწოდებასთან ერთად, სხვადასხვა ბრუნვაში ხშირად გამოყენებულ სიტყვებს შორის იყო: „მშვიდობა“ (224), „ქართველი“/„ქართველები“ (160), „ომი“ (151), „ეკლესია“ (127), „საკონსტიტუციო“ (98), „ნაციონალური“ (93), „რადიკალური“/„რადიკალები“ (75), „ღირსება“ (47);
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პოლიტიკური პარტიების გვერდებზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს შორის მოხვდა: „რუსეთი“/„რუსული“/„რუსი“ (108), „ევროპა“/„ევროპული“ (81), „ვიმარჯვებთ“/„გავიმარჯვებთ“ (61), „იზოლაცია“ (37), „კეთილდღეობა“ (33), „გილოცავთ“ (31), „ევროკავშირი“ (28) და სხვ;
  • „ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში შემავალი პარტიების შემთხვევაში აქტუალური იყო ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: „რეალურიალტერნატივა“ (79), „ჩვენშევძლებთ“ (77), „ილია“ (75), „ევროპა“/„ევროპული“ (69), „ბიძინა“ (58).

პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციულ გვერდებთან ერთად, საარჩევნო კამპანია აქტიურად იწარმოება პოლიტიკური ლიდერების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდებზეც. მათ შორის საანგარიშო პერიოდში ყველაზე აქტიური ირაკლი კობახიძის, შალვა ნათელაშვილის, შალვა პაპუაშვილის, ანა დოლიძის, მამუკა ხაზარაძისა და სხვა პოლიტიკოსების გვერდები იყო. მაღალი ინტერაქციით კი მმართველი პარტიის ლიდერების გვერდები გამოირჩეოდნენ.

ოფიციალური კამპანია ინსტაგრამზე

პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები საარჩევნო კამპანიის წარმოების მიზნით, ფეისბუკთან ერთად, Meta-ის კიდევ ერთ პლატფორმას, ინსტაგრამს, იყენებენ. თუმცა, ინსტაგრამზე აქტივობის მასშტაბი და მომხმარებელთა ინტერაქციის სიდიდე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფეისბუკზე არსებულ ტენდენციებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გაერთიანებები მაინც აღწევენ ინსტაგრამის აუდიტორიამდე, რისთვისაც რეკლამების განთავსების შესაძლებლობას მიმართავენ. ინსტაგრამის მომხმარებელთა გამოწერის სიმრავლით, პოლიტიკურ პარტიებს შორის - „გირჩის“, ხოლო პოლიტიკური ლიდერებიდან - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის, ანგარიში გამოირჩევა. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აქტიურობის მაღალი დონით „ძლიერი საქართველოსა“ და მისი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, ინსტაგრამის ანგარიშები ხასიათდებოდა, რომლებზეც 27 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შესაბამისად, 208 და 41, პოსტი გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ანგარიშების მიერ ინსტაგრამზე გავრცელებული კონტენტი მორგებულია პლატფორმის სპეციფიკას და ძირითადად ფოტოების/ვიზუალიზაციების სახით ქვეყნდება.

ოფიციალური კამპანია ტიკტოკზე

„სამართლიანი არჩევნები“ ტიკტოკის პლატფორმაზე პოლიტიკური პარტიების/კოალიციების იმ 30 ოფიციალურ არხს დააკვირდა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ერთი ვიდეო მაინც გამოაქვეყნეს. პარტიების/კოალიციების ოფიციალურ არხებზე საანგარიშო პერიოდში 298 ვიდეო განთავსდა. ოფიციალური არხებიდან 14 პოლიტიკურ გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ეკუთვნოდა, რომლებზეც ჯამში 144 ვიდეო გამოქვეყნდა და განთავსებული ვიდეოების ნახვების ჯამური რაოდენობა 2 მილიონზე მეტი იყო. 3 არხი ეკუთვნოდა კოალიცია „ძლიერ საქართველოს“, 4 არხი პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, 2 არხი „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, თითო-თითო არხი კი „ქართულ ოცნებას“, „გირჩს“, „თავისუფალ საქართველოს“, „შეცვალე საქართველოს“, „ტრიბუნას”, პარტიას „ჩვენ“ და „ქართველ ერთობას”.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 34 ვიდეო არხმა „4samegrelo“ გამოაქვეყნა, რომელიც გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ეკუთვნის. აღნიშნულმა ვიდეოებმა, დაახლოებით, 700 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა. არხი ლიდერობდა ვიდეოების ჯამური ინტერაქციის რაოდენობითაც.

პოლიტიკური პარტიების/კოალიციების ოფიციალურ არხებზე ხშირად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრის და მასალების გავრცელების ამსახველი ვიდეოები ქვეყნდებოდა. ამას გარდა, არხებზე სატელევიზიო ჩართვებიდან და გადაცემიდან აღებული ვიდეომონაკვეთები, იუმორისტული შინაარსის ვიდეოები და საინფორმაციო ბარათები ზიარდებოდა. ვიდეოების ნაწილს ტიტრები და პარტიასთან დაკავშირებული სააგიტაციო ვიზუალები ჰქონდა დართული.

პოლიტიკური ლიდერების ტიკტოკ ანგარიშებზე ხშირად ქვეყნდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი მასალები, ასევე, პოლიტიკოსების სატელევიზიო ჩართვებისა და გადაცემების ვიდეოები. გამოქვეყნებული ვიდეოების ნახვების ჯამური რაოდენობით ლიდერობდა კახა კალაძის ტიკტოკ ანგარიში. აღნიშნულ არხზე ყველაზე მეტი, 1 მილიონზე მეტი, ნახვა კალაძის საფეხბურთო კარიერის ამსახველმა ვიდეომ დააგროვა.

ანგარიშის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.