თბილისი (GBC) - არასამთავრობო ორგანიზაცია, "სამოქალაქო იდეა" აქვეყნებს ანგარიშს “ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირები: დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური სარგებელი”. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ძმა, არის კაცი, რომელმაც ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსული ბაზრის გახსნით და ბიუჯეტის აგროკრედიტის პროგრამით. ის წლების განმავლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შემომწირველია.

"სამოქალაქო იდეა" განმარტავს, რომ წინამდებარე ანგარიშის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით აჩვენოს, რომ მმართველი პარტია, მისი ბიზნეს ინტერესებითა და რუსული კავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და საფრთხეს წარმოადგენს.

"არ გაგიკვირდებათ როდესაც წაიკითხავთ, რომ ქართული ოცნების პრაქტიკულად ყველა დიდ შემომწირველს ორი რამ აკავშირებს ერთმანეთთან:

  • სრული დამოკიდებულება რუსეთსა და რუსულ ბაზარზე;
  • პრაქტიკულად ყველას აქვს ორმაგი რუსული და ქართული მოქალაქეობა ან ჰყავს რუსეთის მოქალაქე დამფუძნებელი, თანამეწილე, ან დირექტორი;
  • პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.

შესაბამისად, გვსურს გაგიზიაროთ მონაცემები ქართული ოცნების ყველაზე მნიშვნელოვანი დონორების შესახებ. პირველ რიგში, კვლევაში ფაქტებზე დაყრდნობით უტყუარად დადასტურებულია, რომ იმ საბიუჯეტო პროგრამების ყველაზე მსხვილი, ერთეული მოსარგებლე, რომელიც მაგალითად სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის დაიხარჯა, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, ოცნების მოქმედი დეპუტატი დუგლაძე და მისი ძმები და მათი რუსეთის მოქალაქე ბიზნეს პარტნიორები არიან. ისინი ქართული ოცნების დონორთა სიის სათავეშიც გვხვდებიან", - ვკითხულობთ "სამოქალაქო იდეა"-ს ანგარიშში. 

  1. ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. ღვინის კომპანიების „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის მეწილე. შემოწირულება ქართული ოცნებისთვის - 335 768 ლარი.
  2. ქართული ოცნების შემომწირველი - ზაალ დუგლაძე, ოცნების მოქმედი და მომავალი დეპუტატი, ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი. შემოწირულება ქართული ოცნებისთვის - 115 000 ლარი.
  3. ქართული ოცნების შემომწირველი - დავით დუგლაძე, დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა და მისი ბიზნეს წილების მმართველია. შემოწირულება ქართული ოცნებისთვის - 272 000 ლარი.
  4. ქართული ოცნების შემომწირველი - გიორგი დუგლაძე, დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა და ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი. შემოწირულება ქართული ოცნებისთვის - 80,000 ლარი
  5. ქართული ოცნების შემომწირველი მალხაზ ყანჩაველი, ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის და დეპუტატ ზაალ დუგლაძის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი მრავლობით კომპანიებში. შემოწირულება ქართული ოცნებისთვის - 100,000 ლარი.
  6. ქართული ოცნების შემომწირველი გოჩა გიოშვილი, ზაალ დუგლაძის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი მრავლობით კომპანიებში. შემოწირულება ქართული ოცნებისთვის - 5 000 ლარი.

ალექსანდრე ივანიშვილის და ზაალ დუგლაძის ერთობლივი ბიზნეს საქმიანობა ბევრ კომპანიას მოიცავს თუმცა ამჯერად მხოლოდ მათ ღვინის ბიზნესზე მოგიყვებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კარგად აწყობილი და დალაგებული სქემით მოქმედებენ ბიუჯეტის გამოყენებით და ქვეყნის უსაფრთხოების მაღალი რისკით. მათი ერთობლივი ბიზნესიდან ყველაზე ცნობილი ორი კომპანია „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა გახლავთ, სადაც კომპანიის პრაქტიკულად ყველა პარტნიორი და დირექტორი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები არიან.

ქართული ოცნების შემომწირველების რუსული კავშირების კვლევის პროცესში პირველი გაჩერება ალექსანდრე ივანიშვილის (ბიძინა ივანიშვილის ძმის) ბიზნესი აღმოჩნდა, რომლის ბიზნეს პარტნიორებიც დეპუტატი ზაალ დუგლაძე და მისი ძმები არიან. იმავდროულად, ბატონი ალექსანდრე ივანიშვილი და მისი რუსეთის მოქალაქე პარტნიორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც პრემიერის მიერ სხვადასხვა ანგარიშებში ჩამოთვლილი საბიუჯეტო პროგრამების მთავარი მოსარგებლეები არიან.

  • ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაკავშირებულმა მეღვინეობის კომპანიებმა ოცნების მმართველობის პერიოდში სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამიდან 10 მილიონამდე დაფინანსება მიიღო;
  • ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაკავშირებული მეღვინეობის კომპანიები წლების განმავლობაში რუსეთის ბაზარზე გატანილი ღვინის პროდუქციით ან პირველ ადგილზე იყვნენ ან პირველ სამეულში;
  • ანალოგიური მდგომარეობაა ჩინეთში გატანილი ღვინის ნაწილშიც, სადაც დუგლაძეების ღვინო მოწინავე პოზიციაზეა.

2024 წლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი რეკორდულად გაზრდილია. მაგრამ ზრდა მთლიანად რუსული ბაზრის ხარჯზე მოხდა. ამის პარალელურად პრაქტიკულად ყველა სხვა ბაზარზე ჩვენი ღვინის წილი საგრძნობლად მცირდება. რუსულ ბაზარზე მსგავსი ხარისხის დამოკიდებულების შედეგები კი საგანგაშოა. საქართველომ და ქართულმა ბიზნესმა უკვე მრავალჯერ გამოცადა საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკის, ვაჭრობისა და საბაზრო კავშირების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების ყველა პრობლემა და სიმძიმე, მათ შორის, დახურული ბაზარი, ჩაჭრილი სავაჭრო კავშირები და დაბალი ხარისხის პროდუქცია, რომელზეც მოთხოვნილება რუსული ბაზრის გარდა არსად არ არის.

სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში ქართული ღვინის ექსპორტმა უბრალოდ სხვა ქვეყნებს კი არ გაასწრო, არამედ საგანგაშოდ მაღალ ნიშნულს, 73,5%-ს მიაღწია. არადა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ მოუსმინოთ, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ თითქოს დღენიადაგ შრომობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრის დივერსიფიკაციისათვის. საინტერესო ფაქტია, რომ 2021 წლის სექტემბერში, მთავრობამ ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სპეციალური პროგრამაც დაამტკიცა, მისი განხორციელება ღვინის ეროვნული სააგენტოს დაევალა და 2022-2023 წლებში ბიუჯეტიდან 22,9 მილიონი ლარი გამოყო. შედეგი სავალალოა.

"ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ ცინიკურად ჩანს ის, რასაც სააგენტოში, აცხადებენ ღვინის ბიუჯეტიდან ხარჯვის გასამართლებლად “ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. აღნიშნულ ბაზრებზე, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო, კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიებთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს“, - წერია "სამოქალაქო იდეა"-ს განცხადებაში. 

2024 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება კვლავ გაიზარდა, 16 მილიონ ლარამდე, თუმცა ამის მიუხედავად არავითარი პროგრესი მსოფლიოს პრიორიტეტულად გამოცხადებულ ბაზრებზე არ გვქონია, მაშინ როცა, ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი გაიზარდა და 2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემებზე დაყრდნობით 73.5%-ს მიაღწია.

ანგარიშის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს