თბილისი (GBC) – 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას ფლობს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად აცნობა, წერს სააგენტო ipn.ge.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 882 052 მოქალაქე, როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი არ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

როგორც უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 30 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ჯამში, 458 234 მოქალაქე ფლობს. მათ შორის, 293 863 სრულწლოვანი და 164 371 არასრულწლოვანი.

რაც შეეხება ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელი მოქალაქეების ოდენობას, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დოკუმენტი, ჯამში, 3 345 274 მოქალაქეს აქვს. მათ შორის, 3 203 702 სრულწლოვანს და 141 572 არასრულწლოვან მოქალაქეს.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში, არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა 395 მოქალაქეს აქვს.