თბილისი (GBC) - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს გამოკითხვაზე. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.

“ვუთხარი, რომ მზად ვარ სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან მივიდე, მათ შორის, მტკიცებულებები მივიტანო გაყალბების და რაც უნდათ ის გამომკითხონ. თუ უნდათ, საჯაროდაც ვთავაზობ, რომ საჯაროდ გავაკეთოთ ეგ პროცესი, არ მინდა არანაირი მოსამართლე, დაჯდეს ნებისმიერი პროკურორი, დავუჯდები მე მტკიცებულებებით და საჯაროდ გაუშვან ლაივში და ხალხმა ნახოს და მოისმინოს როგორ გამომკითხავენ, არც მაგის პრობლემა არ მაქვს. სინამდვილეში მაგით დამთავრდება სავარაუდოდ, სასამართლოში დაბარებასაც ალბათ ვერ გაბედავენ, უბრალოდ დაშინების ამბავია, ჰგონიათ, რომ მაგით ვიღაცას შეაშინებენ“, – ამბობს ჯაფარიძე.

პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მანამდე, 30 ოქტომბერს, უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

გამოკითხვაზე დაიბარეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილიც, თუმცა საგამოძიებო უწყებაში მისვლას არც ის აპირებს.

ასევე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” სპიკერი ლონდა თოლორაია.

„ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოკითხვაზე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით მივა.

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 26 ოქტომბერს პროპორციული სისტემით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, შედეგებს ოპოზიცია და სადამკვირვებლო მისიები არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მის ბათილად ცნობასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.