თბილისი (GBC) - დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდა, დეკემბრის მდგომარეობით, 16.26%-ია. წინა თვეებთან შედარებით ტემპი აჩქარებულია, კოეფიციენტმა 16%-ს ოქტომბრის ბოლოს გადააჭარბა. 3 კვარტალი კი სექტორმა +15%(Y.Y)-ით დაასრულა

დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდა, დეკემბრის მდგომარეობით, 16.26%-ია. წინა თვეებთან შედარებით ტემპი აჩქარებულია, კოეფიციენტმა 16%-ს ოქტომბრის ბოლოს გადააჭარბა. 3 კვარტალი კი სექტორმა +15%(Y.Y)-ით დაასრულა.

სებ-ის სტატისტიკით, პირველი დეკემბრისთვის ბანკების მთლიანი პორტფელი 51 მლრდ ლარს აღემატება. ნოემბერში მილიარდიანი ზრდა აღინიშნა. ძირითადად სავალუტო დაკრედიტების მატების ხარჯზე.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, რომ მოთხოვნა როგორც ლარზე ასევე სავალუტო დაფინანსებაზე აღინიშნება. ზედამხედველი მუდმივად აკვირდება და ამჩნევს აქტივობას, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისგან.

 

„იმ ადამიანებსა და ბიზნესებს, ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ, უმჯობესია, ვალდებულებაც ლარში ჰქონდეთ. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამცირებთ საპროცენტო განაკვეთს, მოთხოვნა ლარის სესხზე ბუნებრივადაც გაიზრდება და ადამიანები სხვა თანაბარ პირობებში დოლარსა და ლარს შორის აირჩევენ ლარის სესხს. დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალი დარჩება გარკვეული პერიოდი.  აქვე უნდა ვისაუბრო კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე -  ეს არის სარეზერვო ნორმის 5%-ით დაწევა, რაც დოლარის ლიკვიდობასაც უთავისუფლებს გარკვეულწილად ბანკებს. როგორც აღვნიშნე, გარე ფინანსური პირობები არის საკმაოდ მკაცრი -  მაღალი საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება დოლარის და ევროს რესურსზე, ეს არის აშშ-ის ფედერალური რეზერვის და ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შედეგი. თუმცა, ლარში სესხები სავარაუდოდ ყველა თანაბარ პირობებში თანდათან გაიაფდება“, - დასძინა მან.

სარეზერვო ნორმის 5%-ით შემსუბუქებაც, სწორედ კერძო სექტორისთვის დოლარის ლიკვიდობის გამოთავისუფლებას ემსახურებოდა. რაც ერთგვარად წაახალისებს საკრედიტო აქტივობას, თუმცა სებ-ის კონტროლირებად ჩარჩოს ფარგლებში.

სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსური სტაბილურობის რისკების  შემცირებაზე აღნიშნა, რასაც  დაბალი ინფლაცია და ეკონომიკის მაღალი ზრდა განაპირობებს.

ეკონომიკაში მეტი რესურსის ჩადებაა შესაძლებელი და ხელსაყრელი მომენტი ბიზნესმა უნდა გამოიყენოს. რისკები შემცირებულია საცალო სეგმენტშიც.

მისი თქმით, სამომხმარებლო სესხების ზრდა 20-21%-ზეა, რაც მდგრადად მიიჩნევა. აქტივობის გაზრდის სივრცე არსებობს. შესაბამისად ამ პოტენციალის გამოყენებას  შეუწყო ხელი სებ-მა როცა, სამომხმარებლო სესხებზე  3 წლამდე შემცირებული ვადა გაახანგრძლივა 4-მდე.

გადახდისუნარიანობის საფრთხეს თავის მხრივ ხსნის, მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ფრთხილი შერბილების გეზი აქვს. თურნავამ აღნიშნა, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაზე ნეიტრალურ დონემდე, 9.5%-დან, 7%-მდე, რაც განაპირობებს ლარში სასესხო განაკვეთების შემცირებას და შესაბამისად საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

უფრო მეტი მსესხებელი გააკეთებს ლარის სესხზე არჩევანს, არსებულ მოცემულობაში, როცა გლობალურად გაზრდილი განაკვეთების პირობებში სავალუტო სესხი გაძვირებულია.

თუმცა ბოლო რეგულაციებში გათვალისწინებულია სავალუტო მსესხებლის ინტერესებიც, ჰეჯირებული კლიენტისთვის შესაძლებლობების გაზრდით. (წყარო: ბიზნესპარტნიორი)