თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საკოლექციო ვერცხლის,  მთავარ მწვრთნელს კი ოქროს მონეტები გადასცა.

ნათია თურნავას თქმით, ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები სიმბოლურად ყოველთვის დაკავშირებული იქნება საქართველოს ნაკრების და ფეხბურთელების წარმატებასთან.

მისი თქმით, სებ-ს სხვა წამყვანი ცენტრალური ბანკების მსგავსად, საკოლექციო მიზნებისთვის მონეტების გამოშვების ექსკლუზიური უფლება აქვს. ტრადიციულად, მონეტები საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემას ეძღვნება.  ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და გამორჩეული ისტორიული ფაქტის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წარმატება იყო.

"ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი საკოლექციო მონეტის თემა ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ყოფილიყო. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პირადად გადაგვეცა ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებისთვის მონეტები და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგვეხადა ბრწყინვალე თამაშისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
 
5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება სებ-ის საბჭომ მარტში, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის გათვალისწინებით უპრეცედენტოდ მოკლე დროში მიიღო.

მონეტებისთვის დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინის ავტორი ბაჩო ლაგვილავაა).
 
მონეტის ავერსზე გამოსახულია მთავარი სიმბოლო-ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ამ ლოგოს დიზაინიდან ამოღებული მხედრის გამოსახულება (ცხენზე ამხედრებული გმირის პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც შიშის სიმბოლოს. მთავარი სიმბოლოს ერთ-ერთი ძირითადი ინტერპრეტაციაც საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება და ამით ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა. მონეტაზე დატანილია ბრენდის სლოგანი „მე ვარ საქართველო“, რომელიც ახმოვანებს მის იდეოლოგიას როგორც ბრენდის, ისე ფეხბურთელისა  და გულშემატკივრის მხრიდან.

მონეტის რევერსზე გამოსახულია ფეხბურთელის მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც შეიქმნა ნაკრების ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად და ირეკლავს ბრენდის ფილოსოფიას და ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს. მონეტა ასევე შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.

მონეტების რეალიზაციის შესახებ დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს სპორტულ თემატიკაზე აქამდე სხვა მონეტებიც აქვს გამოშვებული. მათ შორის, რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობის აღსანიშნად.