თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბანკი „ქართუსა" და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მკაცრი ფისკალური პოლიტიკით, კონსოლიდაციითა და ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით არის განპირობებული.
მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა უახლესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და აღნიშნა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველომ სხვადასხვა შოკების მიმართ მედეგობა და ფისკალური სტაბილურობა გამოავლინა, რის შედეგადაც ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ხოლო საშუალოვადიანი პროგნოზი 5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ მნიშვნელოვნად გაიზარდა და მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 31 000 დოლარს მიაღწია, ამასთან, ეკონომიკის სტრუქტურა უფრო მეტად ორიენტირებული გახდა სერვისებზე, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, ტურიზმსა და განათლებაზე.
ფისკალურ სექტორზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა დეფიციტის მკვეთრ შემცირებას 2020 წლის 9.2%-იანი ნიშნულიდან 2025 წლის 1.4%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებით 34% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია კანონით დადგენილ 60%-იან ზღვარზე.
ლაშა ხუციშვილმა საკუთარ გამოსვლაში ასევე აღინიშნა, რომ საგარეო ვალის 93% საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მიღებული შეღავათიანი სესხებია და სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, რისთვისაც მუშავდება ახალი ინსტრუმენტები არარეზიდენტი ინვესტორებისთვის წვდომის გასამარტივებლად.
მინისტრმა დაადასტურა მთავრობის ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, რაც მოიცავს კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო საწარმოების, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებებს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის გრძელვადიან მდგრადობასა და მოქალაქეთა კეთილდღეობას უზრუნველყოფს.