თბილისი (GBC) – არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აშშ-ს და სხვა დასავლელ პარტნიორებს განუცხადეს, რომ მზად არიან საზღვაო ძალები გამოიყენონ ჰორმუზის სრუტის სრულიად გასახსნელად. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები მზად არიან შეუერთდნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ მრავალეროვნულ სამხედრო კოალიციაში, რომელიც შესაძლოა ჰორმუზის სრუტეში განლაგდეს. ქვეყანა ბაჰრეინთან ერთად ასევე მუშაობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ასეთი ოპერაციების ჩატარებას საერთაშორისო მანდატს მისცემს.
Financial Times ხაზს უსვამს, რომ საუბარი არ არის ირანთან ომის დაწყებაზე.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს საუდის არაბეთთან, რათა ერ-რიადმა მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას. ბაჰრეინი, გამოცემის თანახმად, სრულად უჭერს მხარს გეგმას.
სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ შესაძლო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მათ ეშინიათ აშშ-ის მხრიდან შესაძლო „მოულოდნელი გასვლის“ და არაბული სახელმწიფოების ირანთან პირისპირ დარჩენის.
გარდა ამისა, წყაროები აცხადებენ, რომ რეგიონის ქვეყნებმა შესაძლოა დააჩქარონ მილსადენებისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები, რათა ენერგომატარებლები ხმელეთით მიაწოდონ ომანში ან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.