თბილისი (GBC) – კობა გვენეტაძის გამოსვლა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გრძელდება.  ის ამ წუთებში 2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარადგენს და გლობალურ ფაქტორებს მიმოიხილავს. 

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც ინტეგრირებული არ არის რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე ეკონომიკასთან, დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის არსებობა მნიშვნელოვანია. ამავდროულად, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია კაპიტალის თავისუფალი მობილობა. ეს ორი პირობა კი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. გაცვლითი კურსი შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც, საგარეო შოკის შემთხვევაში, გაცვლითი კურსის ცვლილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ანარჩუნებინებს და ამ გზით ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე აღნიშნული შოკის გავლენას ასუსტებს. რა თქმა უნდა, უფრო დივერსიფიცირება ჩვენი ვაჭრობის მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციის შემცირებისათვის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) თაობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ბოლო პრეს-რელიზში აღნიშნავს: „ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეტირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და რეზერვების გონივრული მართვის მიმართ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის მოქნილობა სათანადოდ შეინარჩუნა და საერთაშორისო რეზერვები დააგროვა, ისარგებლა რა მიმდინარე წელს საგარეო შემოდინებების მატებით შექმნილი ხელსაყრელი პირობებით და სავალუტო ინტერვენციები ცენტრალური ბანკების სტანდარტული ინტერვენციების ინსტრუმენტებით გააგრძელა. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პარლამენტს წარედგინება მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და შესაძლო რისკები.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ფასების სტაბილურობა  მაღალი და სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეტირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული.