თბილისი (GBC) – Lion Finance Group PLC-ის (ყოფილი Bank of Georgia Group PLC) დირექტორთა საბჭომ კაპიტალის შემცირების ახალი პროგრამა თებერვლის ბოლოს დაამტკიცა.
₾107.7 მლნ-იანი პროგრამა უკვე ამოქმედდა და 26-27 თებერვალს ჯგუფმა 27,017 აქცია გამოისყიდა.
აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის დასრულება არა უმეტეს კომპანიის 2025 წლის ყოველწლიური საერთო კრების ჩატარებამდეა დაგეგმილი (სავარაუდოდ ივნისში).
ბაიბეკის მიზანი კომპანიის კაპიტალის შემცირებაა, გამოსყიდული აქციები კი ყოველთვიურად გაუქმდება.
პროგრამის ფარგლებში წინასწარ განისაზღვრა გამოსყიდვადი აქციების მაქსიმალური რიცხვი, რომელიც 3,860,721-ია.
პროგრამას Cavendish Capital Markets Limited მართავს.
პროგრამა შეესაბამება კომპანიის კაპიტალის განაწილების პოლიტიკას, რომლის მიზანია დივიდენდების/აქციების გამოსყიდვის ფეიაუთ კოეფიციენტის ყოველწლიური მოგების 30-50%-ის ფარგლებში შენარჩუნება.
შეგახსენებთ, ჯგუფმა იანვრის ბოლოს გასული წლის აგვისტოში დამტკიცებული კაპიტალის შემცირების ₾73.4 მლნ-იანი პროგრამა ჩახურა, რომლის ფარგლებშიც კაპიტალი 475,433 ჩვეულებრივი აქციით შეამცირა.
აქვე შეგახსენებთ, რომ Bank of Georgia Group PLC Lion Finance Group PLC-ის სახელით უკვე თებერვლის დასაწყისიდან ოპერირებს, თუმცა ლონდონის საფონდო ბირჟაზე უცვლელია მისი ტიკერი (BGEO) და ISIN (GB00BF4HYT85).