თბილისი (GBC) – 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 84.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და 6.14 $/კგ შეადგინა.
ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.
სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (18%-ით), ხოლო ღირებულება - 22.4 მლნ აშშ დოლარით (36%-ით) გაიზარდა.