თბილისი (GBC) - ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი X-ზე წერს: "ივანიშვილის „ქართული ოცნების“ რეჟიმმა გააუქმა ამერიკული კომპანიების შეთავაზებები და საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა".

მისი მტკიცებით, 2020 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყოველ ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები.

„ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, ხოლო არალეგიტიმური ბიძინა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს“, - წერს უილსონი.

უილსონი "ოცნებაზე", ჩინეთზე და შავი ზღვის პორტის საკითხებთან დაკავშირებით ადრეც საუბრობდა.

უფრო კონკრეტულად, 12 თებერვალს, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა: "პუტინისტური „ქართული ოცნების” რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს".

მისი თქმით, "რეჟიმი" ქართველი ხალხის პროტესტს "უკანონო დაკავებებით და ძალადობით" პასუხობს.

“ოქტომბერში პუტინისტურმა, “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა.

მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტი 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს ამერიკის ახლო მეგობრები და ევროკავშირისა და NATO-ს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს.

რეჟიმმა შავი ზღვრის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმმა მკვლელები გამოაგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსაკლავად.

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, მამაცად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს”, - განაცხადა უილსონმა 12 თებერვალს.