თბილისი (GBC) – როდესაც მყისიერი საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურას ლოკალურად დავნერგავთ და გავმართავთ, სამომავლო გეგმაა სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია, - განაცხადა სებ-ის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ "ბიზნესპარტნიორში" .
ის არ გამორიცხავს საქართველოს ჩამოყალიბებას რეგიონალურ ციფრულ საგადახდო ჰაბად.
ჭყოიძის შეფასებით, სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების დაჩქარებას და ხელმისაწვდომობის ზრდას.
მისივე თქმით, რეფორმები რამდენიმე მიმართულებით არის დაგეგმილი. მოკლე პერიოდში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა, რომელიც ეხება საგადახდო მომსახურების პირობების და ტარიფების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას. რაც ყველა კომერციული ბანკის ტარიფების გაცნობის და შესაბამისად არჩევანის შესაძლებლობას აჩენს.
სდროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება სებ-მა წარმატებით დაასრულა. RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.