თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ირანსა და ისრაელს მოსთხოვა, „დაუყოვნებლივ“ შეწყვიტონ ერთმანეთზე სამხედრო თავდასხმები. „ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში. მეორე პოსტში მან დასძინა, რომ ორივე ქვეყანა „ცდილობს დაუყოვნებლივ მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას“ და რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება, „თუკი ამას წინ უმეცრება ან სიბრიყვე არ გადაეღობება“.

როგორც გამოცემა POLITICO წერს, ტრამპის ეს განცხადებები მოჰყვა კვირა ღამით ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას, რაც პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც აპრილში აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. თეირანმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა იყო საპასუხო აქტი იმავე დღეს, ცოტა ხნით ადრე, ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, არ ეპასუხა ამ თავდასხმისთვის, ისრაელმა ორშაბათს გამთენიისას საკუთარი საჰაერო იერიშებით უპასუხა და უგულებელყო ტრამპის მოწოდებები თავშეკავებისკენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ დაარტყეს ირანში არსებულ იმ ობიექტებს, რომლებიც გამოიყენებოდა რაკეტების შესანახად და მათი კომპონენტების საწარმოებლად, ხოლო ირანული სახელმწიფო მედია იტყობინებოდა აფეთქებების შესახებ თეირანში, ისპაჰანში, ქარაჯსა და თაბრიზში.

მზის ამოსვლის შემდეგ, ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია ირანიდან ნასროლი რაკეტების ახალი ტალღის შესახებ. თეირანში ირანული ძალების წარმომადგენელი ასევე დაიმუქრა, რომ „კიდევ უფრო ძლიერად“ უპასუხებდნენ, თუკი ადგილი ექნებოდა შემდგომ „აგრესიასა და მტრულ ქმედებებს“.

ტრამპის მცდელობამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განახლების შესახებ მხარდაჭერა ჰპოვა ევროკავშირის ოფიციალურ პირებშიც. ორშაბათს, კვიპროსში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად საუბრისას, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საჭიროა „დიპლომატიური გამოსავალი“.

„ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მათ შორის გემების გაცილების კუთხითაც, და ჩვენ ამას დღეს განვიხილავთ“, - აღნიშნა მან.