თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ხორვატიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ბორის ვუჩიჩს შეხვდა.

და ესაუბრა საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებზე. ასევე, მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკაზე, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები შეეხნენ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასაც, მიღწეულ პროგრესს და შემდგომ პროექტებს.

აღინიშნა, რომ სებ-ი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესების და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რა მიზნითაც აქტიურად თანამშრომლობს სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკთან.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ერთიან ევრო გადახდების სისტემაში (SEPA) გაწევრიანების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფულადი გზავნილების გაზრდილი ნაკადები ევროკავშირთან ეფექტური საგადახდო სისტემების საჭიროებაზე მიუთითებს.

ნათია თურნავას ბორის ვუჩიჩთან შეხვედრა ავსტრიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შედგა, რომელიც წელს ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის თემას მიეძღვნა.