თბილისი (GBC) - საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ, რომელსაც 8-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დღეს, 21 ნოემბერს დაწერა.

„რუსული რეჟიმის მიერ საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!

რუსებმა რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველო გაიმარჯვებს!” – წერს ისაკო დევიძე.

სამართალდამცავები მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე, ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.

19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს.

აქ პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა. დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის” ოპერატორს სერგი ბარამიძეს, მას დაუმტვრიეს კამერა და შემდეგ დააკავეს.

დააკავეს 16 ადამიანი.

15 მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ერთს – მათე დევიძეს კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – „პოლიციელზე თავდასხმას და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანების მიყენებას”.

20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი დაკავებულის საქმე განიხილა: ირაკლი ანდღულაძეს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ორს – ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.