თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა წარმატებით განათავსა $300 მლნ-ის მოცულობის 6.5%-იანი არაუზრუნველყოფილი არასუბორდინირებული ობლიგაციები, რომელთა ვადაც 2031 წლის 3 ივნისს იწურება.

ობლიგაციების გამოშვება 2026 წლის 27 მაისს შეფასდა. ობლიგაციები ნომინირებულია აშშ დოლარში და მათი ანგარიშსწორება მოსალოდნელია 2026 წლის 3 ივნისს. ობლიგაციები გამოიცემა Reg S/Rule 144A წესების შესაბამისად და განთავსდა ნომინალური ღირებულების 99.475%-ად.

ტრანზაქციამ საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან ძლიერი ინტერესი გამოიწვია - განთავსების პროცესში მოთხოვნამ პიკურ ეტაპზე შეთავაზებულ მოცულობას 3-ჯერ გადააჭარბა.

ობლიგაციებზე საპროცენტო გადახდა განხორციელდება ნახევარწლიურად.

ობლიგაციების ერთობლივი წამყვანი მენეჯერები და ბუქრანერები არიან Citigroup და J.P. Morgan, ხოლო ერთობლივი წამყვანი მენეჯერის როლს ასრულებს Galt & Taggart.

ინგლისისა და აშშ-ის ფედერალური სამართლის ნაწილში ერთობლივი წამყვანი მენეჯერების იურიდიული მრჩეველია Sidley Austin LLP, ხოლო ქართული სამართლის ნაწილში - Dentons Georgia LLC.

ბანკის იურიდიული მრჩეველია ინგლისისა და აშშ-ის ფედერალური სამართლის ნაწილში Baker & McKenzie LLP, ხოლო ქართული სამართლის ნაწილში  Andersen.

ობლიგაციების დალისტვა მოსალოდნელია ირლანდიის საფონდო ბირჟაზე, ხოლო Moody’s Investors Service-მა მათ Ba2 რეიტინგი მიანიჭა.