თბილისი (GBC) - 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები, წინა თვესთან შედარებით, $115.8 მლნ-ით გაიზარდა და რეკორდულ $7.12 მლრდ-ს მიაღწია.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია, სების გრძელვადიანი პოლიტიკა კი მუდმივად რეზერვების დაგროვებასა და მათ ეფექტურ მართვაზეა მიმართული.

2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობების ფონზე, ცენტრალური ბანკი რეზერვების შევსებას აქტიურად ახორციელებდა. იანვარ-მაისში სების წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 1,465.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შეეხება უშუალოდ ივნისის წმინდა შესყიდვების სტატისტიკას, ის მიმდინარე წლის 27 ივლისს გამოქვეყნდება.

მთლიანი რეზერვების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი კვლავ მონეტარულმა ოქრომ ითამაშა. მას შემდეგ, რაც 2024 წელს სებმა რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა, ამ აქტივის ფასი საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ტენდენცია ივნისშიც გაგრძელდა , ეროვნულმა ბანკმა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ივნისის ბოლოსთვის ოქროს წილმა მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-ს მიაღწია, რაც ნომინალურ გამოხატულებაში 1,014.0 მლნ აშშ დოლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ მომდევნო, განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 აგვისტოს გამოაქვეყნებს.