თბილისი (GBC) - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა რესპუბლიკური პარტიიდან და სტივ კოენმა დემოკრატიული პარტიიდან, კონგრესში ჯერ კიდევ 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინეს, ახლა კი დოკუმენტი განსახილველად აშშ-ის სენატში გადაინაცვლებს.
კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სპეციალური ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების შესახებ. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მდივანს 180 დღის ვადა ეძლევათ იმისათვის, რომ შეისწავლონ რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათი აქტივების შეღწევა საქართველოში. გარდა ამისა, ამავე ვადებში უნდა შეფასდეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთის წერტილები ქვეყანაში.
დოკუმენტის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა აშშ-საქართველოს ურთიერთობების 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ეხება. ამერიკული მხარის მიერ მომზადებულმა სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს ორმხრივი ურთიერთობების მიზნები და შეაფასოს, თუ რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს ვაშინგტონმა თბილისისთვის. სტრატეგია ასევე დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის და შეაფასებს, რამდენად არის საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მზად აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად.
კანონპროექტის მიღების დროს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთმა ინიციატორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მკაცრი განცხადება გააკეთა. „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის - ქართველი ხალხის სურვილისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა უილსონმა.