თბილისი (GBC) – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ "აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ახალი არაფერი მომხდარა. სეპარატისტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ „სახელმწიფოობანას“ თამაში გრძელდება". ამ განცხადებით მაღალჩინოსანმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა შეაფასა.
თამაზ ხუბუას თქმით, არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ადამიანების სოციალური, პოლიტიკური და მატერიალური დაცვის საკითხებს მოემსახურება. მისივე აზრით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური ანექსიის მორიგი აქტი ხორციელდება.
"1-ელ მაისს მოსკოვსა და სოხუმს შორის პირველი ავიარეისი შესრულდა. 50-ადგილიანმა თვითმფრინავმა პირველი რეისი შეასრულა. დე ფაქტო ადმინისტრაცია და მისი მომხრეები ძალიან პომპეზურად შეეცადნენ აღენიშნათ, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის გარე სამყაროსთან ურთიერთობის დაწყების ახალი ფაზა. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრებიც. 10-ბალიანი სისტემით 8-9 ბალი ამ აეროპორტის სამხედრო დანიშნულებას ეკუთვნის და 1% ტურისტების მოზიდვას. დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მესვეურები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ეს აეროპორტი და ავიარეისები წამგებიანი იქნება", - განაცხადა თამაზ ხუბუამ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ ტურისტისთვის ხელსაყრელია სოჭის აეროპორტიდან შევიდეს, რადგან ახლოა ტურისტულ ზონასთან და ამასთან - იაფიც.
ხუბუამ ისიც თქვა, რომ "საეჭვოა, რომ მაინცდამაინც სოხუმში დაფრენით იყვნენ დაინტერესებულები ის ტურისტები, რომელთა შემოსვლაზეც ხმამაღლა ლაპარაკობენ სეპარატისტი ეკონომისტები".
2025 წლის 1-ელ მაისს, ბოლო 32 წლის განმავლობაში მოსკოვიდან სოხუმში პირველად შესრულდა სამოქალაქო ავიარეისი.
ვნუკოვოს აეროპორტიდან ავიაკომპანია UVT aero-ს თვითმფრინავს დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო დახვდნენ.
UVT aero ერთ-ერთია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს შორის.
მოსკოვიდან პირველ რეგულარულ რეისს წინ უძღოდა საცდელი ფრენა და ოკუპირებულ სოხუმში აეროპორტის გახსნის ცერემონია.
ამასთან, ხუთშაბათს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ "აფხაზეთის აეროპორტის ამოქმედება უკანონოა".
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კი განაცხადა, რომ „საქართველო გმობს აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას“.
დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს პოზიცია საჯაროა. თუმცა, კითხვას, მიმართა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ოფიციალურად, რაიმე ფორმით, არ უპასუხა.
1-ელ მაისს სოხუმში რუსული სამოქალაქო თვითმფრინავის დაშვების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც უწყებამ შეშფოთება გამოთქვა და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენა.
"რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის 1-ელ მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია", - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების გუშინდელ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი, რომელიც 1950-იან წლებში ააშენეს, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების და აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 1993 წელს დაიხურა.