თბილისი (GBC) - ორგანიზაცია Amnesty International-მა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კრიტიკული ანგარიში 21 აპრილს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები „მკვეთრად შეიზღუდა“. უფლებადამცველი ორგანიზაცია მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებასა და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ იარაღად ქცევაში ადანაშაულებს.

რეპრესიული კანონმდებლობა და პოლიციის დაუსჯელობა

ყოველწლიურ დოკუმენტში  „ადამიანის უფლებების მდგომარეობა მსოფლიოში“ - აღნიშნულია, რომ საქართველოში 2024 წლის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერები „თვითნებური დაკავების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის“ მსხვერპლი გახდნენ.

ორგანიზაციის შეფასებით, პოლიცია სისტემატურად იყენებდა უკანონო ძალას, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს, რამაც ასობით ადამიანის დაზიანება გამოიწვია.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ რეპრესიების გასაძლიერებლად საკანონმდებლო ცვლილებები გამოიყენა, რაც მოიცავდა დიდ ჯარიმებს გზის გადაკეტვისა თუ ნიღბის ტარებისთვის. Amnesty International ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტების მიუხედავად, არცერთი პოლიციელი პასუხისმგებლობაში არ მიუციათ.

სასამართლო სისტემა და პოლიტიკური დევნა

დოკუმენტი დეტალურად აღწერს „უსამართლო სასამართლო პროცესებს“, სადაც ბრალდებულებს უარს ეუბნებოდნენ გირაოზე მტკიცებულებების გარეშე. ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული შემთხვევები, მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და აქტივისტების - საბა სხვიტარიძის, ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმეები, რომლებსაც პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით მიესაჯათ.

ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რომლის საფუძველზეც ხელისუფლებამ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიშები გაუყინა და მათი ლიდერების დევნა დაიწყო. ოქტომბერში მმართველმა პარტიამ კონსტიტუციური სარჩელიც კი შეიტანა სამი წამყვანი ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით.

გენდერული ძალადობა და შევიწროება

Amnesty International განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ქალი მომიტინგეების მიმართ გამოვლენილი გენდერული ძალადობის გამო. ანგარიშში ნახსენებია ოპოზიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და აქტივისტ კრისტინა ბოტკოველის შემთხვევები, რომლებიც დაკავებისას დამამცირებელ მოპყრობასა და იძულებით გაშიშვლებას დაექვემდებარნენ.

ორგანიზაციის დასკვნით, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების „წმენდა“ ყველა სფეროს შეეხო, ხოლო სამართალდამცავი და ზედამხედველობის ორგანოები მმართველი გუნდის ხელში „პოლიტიკური შურისძიების იარაღად“ იქცა.

საქართველოს ხელისუფლებას Amnesty International-ის ამ ანგარიშზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.