თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხის განხილვა მხოლოდ სომხეთის პრეროგატივაა და მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ წევრ ქვეყანას შეუძლია.

„ეკონომიკურ კავშირში წევრობის სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა მხოლოდ სომხეთს შეუძლია. სხვა პროცედურა არ არსებობს“, – განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პარტნიორებს შესაძლოა კითხვები გაუჩნდეთ, თუმცა ერევანი მათ „მოთმინებით უპასუხებს“.

გაზის საკითხი

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული გაზის გაძვირება მოსალოდნელი არ არის, რადგან მხარეებს შორის მოქმედებს სტრატეგიული შეთანხმება.

„გაზის ტარიფთან დაკავშირებით სომხეთსა და რუსეთს შორის მკაფიო სტრატეგიული შეთანხმებები არსებობს და ისინი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა მან.

ყვავილების ექსპორტზე შეზღუდვები

რუსეთის მიერ 22 მაისიდან სომხური ყვავილების იმპორტზე დაწესებულ დროებით შეზღუდვებთან დაკავშირებით, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა და ეს ფიტოსანიტარიულ ნორმებთან არის დაკავშირებული.

მისი თქმით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია საქონლის წარმოშობასა და სტანდარტებთან დაკავშირებით.

„ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წარმოებული პროდუქცია კავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.