თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.3 პ.პ.-ით შემცირდა და 7.1% შეადგინა.

2025 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.8 პ.პ.-ით შემცირდა და 6% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3 პ.პ.-ით შემცირდა და 9%-ს გაუტოლდა.

2025 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 9.2% შეადგინა (-2.9 პ.პ.), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 7% (-2.3 პ.პ.), ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 5.2% (-1.5 პ.პ.).

2025 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.5 პ.პ.-ით შემცირდა და 5.2% შეადგინა.  

ამასთან, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, შემცირდა 0.01-ით და 0.34 შეადგინა.