თბილისი (GBC) – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი პარასკევს ავიაკომპანია „აზიმუტმა” შეასრულა.

აეროპორტის ტერიტორიაზე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გამო პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ.

აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე პოლიციაა მობილიზებული და აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებენ.

რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც აპროტესტებს, რის შესახებაც ტვიტერზე დაწერა.

„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი განახორციელა. არა რუსეთთან ფრენებს“, - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განკარგულებას 10 მაისს მოაწერა ხელი. საქართველოში ფრენებზე პირველი ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია აზიმუტმა მიიღო, შემდეგი ნებართვა კი ქართულმა Georgian Airways-მა მოიპოვა. იგივე პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ აკრძალა.