თბილისი (GBC) – ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და კერძო პირები „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში 17 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შეიტანენ.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე იდავებენ.

„რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა. შ.“, - განაცხადეს საიას ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მათი თქმით, „დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო ორგანოები არღვევენ, ხოლო, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს“.

"აგენტების კანონის" მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა გამკაცრდა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რასაც არ იზიარებენ საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები "გადაიტვირთება".