თბილისი (GBC) - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 21 აპრილს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ, რათა განიხილონ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების საკითხი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას მკაფიოდ გამიჯნა საქართველოს ხელისუფლება და ქვეყნის მოსახლეობა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი კურსით მიდის“, - განაცხადა კალასმა შეხვედრის დაწყებამდე. მან ხაზი გაუსვა ბრიუსელის მტკიცე პოზიციას თბილისის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

„საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. მათ მიერ არჩეული გზა - რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ, ჩვენ გარკვეული პროგრესი უნდა დავინახოთ“, - აღნიშნა კალასმა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები უფრო მკაცრი ზომების მომხრენი არიან. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა აღიარა, რომ ევროკავშირმა სანქციების დაწესების საკითხში დრო დაკარგა.

„დავაგვიანეთ. უკვე დავაგვიანეთ. ერთ წელზე მეტი ხნის წინ ლიეტუვა სანქციების შეთავაზებით გამოვიდა, რომ დაგვეწესებინა მათთვის სანქციები, როგორც ჩვენ ეროვნულ დონეზე გავაკეთეთ და ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი“, - განაცხადა ბუდრისმა. მისი თქმით, ბრიუსელის ინერტულობამ საქართველოში სიტუაციის გაუარესება გამოიწვია: „ახლა, ერთი წლის შემდეგ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც დემოკრატია საქართველოში კიდევ უფრო უარესდება, ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ დაადასტურა, რომ ტალინმა უკვე ოფიციალურად წამოაყენა პერსონალური სანქციების ინიციატივა. „ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს არღვევენ. ჩვენ ესტონეთში ამას უკვე ვაკეთებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას ცდილობს. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ყურადღება გაამახვილა „შავი ზღვის ახალ სტრატეგიაზე“.

„ჩვენ ვხედავთ, რამდენად დაუცველები ვართ დღეს, როდესაც ჩრდილოეთში სავაჭრო მარშრუტები რუსეთის გამო ირღვევა, როდესაც სამხრეთში სავაჭრო მარშრუტები ირანში ომის გამო ირღვევა. ასე რომ, გზა, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია, ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ დაკავშირებადობის დღის წესრიგში განვიხილავთ“, - განაცხადა კოსმა.

მისივე თქმით, ბრიუსელი გეგმავს თანამშრომლობის გაღრმავებას სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან: „დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ ვითანამშრომლოთ უკეთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით იმ სამ ქვეყანასთან, რომლებიც ვახსენე – სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, სადაც უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები“.

ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოზე მსჯელობა ერევანში დაგეგმილი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტის მოსამზადებელი პერიოდის ნაწილია. გარდა სამხრეთ კავკასიისა, მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს განიხილავენ.