თბილისი (GBC) - საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გასულ კვირას „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობდა - ახალი, კორუფციული ბრალდება წარუდგინეს. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღებას, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით უწყებას 12 აგვისტოს მიმართა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავმა, კორუფციისთვის მსჯავრდადებულმა ვასილ მხეიძემ, რის შემდეგაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და ჩვენება მისცა პატიმრობაში მყოფმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემაც.
გამოძიების ვერსიით, 2022 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას შეიქმნა არაკონკურენტული გარემო. შედეგად, 11.5 მილიონი ლარის რეალური ღირებულების აპარატურა სახელმწიფომ 18.5 მილიონ ლარად შეიძინა, რამაც ბიუჯეტს თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანი მიაყენა.
სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს ქრთამის სახით 1.9 მილიონი ლარი გადასცა. აქედან 400 000 ლარი მხეიძემ დაიტოვა, ხოლო 1.5 მილიონი ლარი ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა. ბურჭულაძემ მიღებული თანხიდან 750 000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო მეორე ნახევარი, 750 000 ლარი, რამდენიმე ეტაპად, „ქეშად“ გადასცა იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მფარველობისა და გარანტიების სანაცვლოდ.
აღნიშნული ბრალდება მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 17-20 აგვისტოს საპატიმროდან გავრცელებულ სკანდალურ განცხადებებს.
ექსპრემიერი აცხადებდა, რომ მამუკა მდინარაძისგან მიიღო წერილი ახალი კორუფციული ბრალის აღიარების მოთხოვნით და ყოფილ თანაგუნდელებსა და ბიძინა ივანიშვილს მისი და მისი ოჯახის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებდა. თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე ბრალდებებს უარყოფს და მიმდინარე პროცესებს კორუფციასთან „ქართული ოცნების“ უკომპრომისო ბრძოლით ხსნის.
პროკურატურის ცნობით, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იხდის სასჯელს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, უწყება სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის დანიშვნის შუამდგომლობით მიმართავს.
