თბილისი (GBC) – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იუწყება.

„გისურვებთ წარმატებას მთავრობის უკვე მესამედ ფორმირების პროცესში“, — ნათქვამია ერდოღანის მისალოც წერილში.

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში დაძაბული იყო, თუმცა ბოლო წლებში ერევანმა და ანკარამ ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი დაიწყეს. ამ პროცესს ხელი შეუწყო ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის გააქტიურებამ.

ფაშინიანის პარტიის გამარჯვება დასავლურ მედიასა და რეგიონულ ანალიტიკურ წრეებში განიხილება, როგორც სომხეთის მიერ ევროკავშირთან და დასავლეთთან დაახლოების კურსის მხარდაჭერა. ამ ფონზე ერდოღანის მილოცვა აღიქმება როგორც სიგნალი, რომ ანკარა მზად არის ერევანთან დიალოგისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის გაგრძელებისთვის.