თბილისი (GBC) - საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე წერს: "ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება".

„თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც სურს, გაწევრიანდეს ევროკავშირში და იღებ ასეთ შეფასებას კაია კალასისგან და გერმანია ეთანხმება მას, მაშინ პრობლემა გაქვთ“, – წერს პიტერ ფიშერი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აზიარებს.

კაია კალასი X-ზე გამოეხმაურა 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელში გამართულ აქციაზე პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დაკავების და მათზე ძალადობის კადრების გავრცელებას.

"მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რომელიც თბილისში მოხდა, მიუღებელია.

საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მის ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - დაწერა მან.