თბილისი (GBC) – აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია X-ზე ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ "ქართველ ხალხს მშვიდობიან დემონსტრაციაზე მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა, ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე". 

„ქართველი ხალხი ქუჩაში გავიდა მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის მათი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის და მათ მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა. ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე.

გვერდში დაუდექით ქართველ ხალხს!” - წერს ჰელსინკის კომისია.

28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.

შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული.

შსს-ს ცნობით, აქციისას დაშავდა 32 სამართალდამცავი.