თბილისი (GBC) - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებას ეხება, ISFED, GYLA, TI ეხმაურება. "დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება", - აცხადებენ არასამთავრობოები. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

თბილისის მერის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებას წინ უძღოდა მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მერიაში დასაქმებული პირები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას. ზემოაღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლის არსთან. გარდა ამისა, ქვეყნის ევროინტენგრაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით განცხადება გაავრცელეს სხვადასხვა სამინისტროებისა და საბიუჯეტო უწყებების ასობით თანამშრომელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებების გავრცელების შემდეგ მიმდინარეობს ზეწოლა იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებები.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეებსაც აკისრებს ვალდებულებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ძალისხმევა, მათ შორის მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, არ უნდა გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძველი.

პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ პოზიციას გამოხატავენ ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ და ემიჯნებიან “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მიგვაჩნია, რომ მერიაში დაგეგმილი ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით და საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების, რეორგანიზაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს , იმოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების სრული დაცვა. დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზაობას უფასო იურიდიულ დახმარება გავუწიოთ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის, სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.