თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 41.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 11.8%-ით ჩამორჩება. დაწყებითი განათლება მიიღო 56 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება - 46.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია.
2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 294 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 208 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 640.7 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 11%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.3% გოგოა, ხოლო 51.7% - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.8%) თბილისში სწავლობს.
2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5%, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.