თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის".

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

„სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ეს კონსტიტუციაშია ასახული!“- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ინფორმაცია განაახლა და კიდევ დაწერა, "არა ლეგიტიმური პრემიერი მივიდა საგარეოში"…

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სამინისტროში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იმყოფება, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ახალი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნდა წარუდგინოს.

უწყებასთან დღეს დილიდან აქცია იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მხარდაჭერას უცხადებენ უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გადადებასთან დაკავშირებით.