თბილისი (GBC) – ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები დღეს, 5 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მსვლელობის გამო რობაქიძის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევების განხილვა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, 6 ნოემბრისთვის გადაიდო.
„ხვალ ჩანიშნულია აქ სხდომა, ჩვენ აუცილებლად უფრო დიდი პროტესტით უნდა გამოვიდეთ და მხარი დავუჭიროთ, ვანახოთ, რომ ის სასამართლო, რომელიც ამ სასამართლო კედლებშია, ის არ არის საქართველოს სასამართლო, ის არის რუსული, საბჭოთა დაჭაობებული სასამართლო.
ამიტომ ჩვენ პირდაპირ უნდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო გზავნილი ბიძინა ივანიშვილს, სისტემა დამპალია, თევზი თავიდან ლპება, ჩვენ ამ ჭიშკარს კი არ გავუკეთებთ დემონტაჟს, შენ გაგიკეთებთ დემონტაჟს, შენს ხალხთან ერთად, რომელიც ერთი რამით დაინტერესებული, რომ შეინარჩუნოს, ძალაუფლება, შეინარჩუნოს კორუფცია და ჩვენ თითქოს ცხვრების ფარა ვართ აქ და უნდა ვიცხოვროთ ამის ნება-სურვილზე. ასე არ იქნება. ბრძოლა იწყება ახლა, ყველა შემოგვიერთდით, გამარჯვება არის ჩვენს ხელში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ოპოზიციამ 5 ნოემბერს მეორე ინსტანციის სასამართლოსთან მოქალაქეების შეკრება, მას შემდეგ დააანონსეს, რაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ 4 ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ კი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 26 ოქტომბერს პროპორციული სისტემით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, შედეგებს ოპოზიცია და სადამკვირვებლო მისიები არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მის ბათილად ცნობასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ფოტო: ჟორჟ ჟამერაშვილი