თბილისი (GBC) - ამერიკელი სენატორი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში X-ზე წერს: "ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა".
მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ქართველ ხალხს არ მიატოვებს.
„კარგად ცნობილია ხელისუფლების მცდელობა, უარი თქვას საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს მის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბოლოოდ დაწესდა დაგვიანებული სანქციები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო, ჯერ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ, აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მის სურვილს ჰქონდეს თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია“, - წერს ამერიკელი სენატორი.
And while much overdue sanctions have finally been issued against Bidzina Ivanishvili for his role in the current political turmoil in #Georgia, more must still be done. Again, The U.S. won’t abandon the Georgian people & their desire to have a free, fair democracy.
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) December 30, 2024
გუშინ, 29 დეკემბერს, საქართველოს მე-6 პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობა.
ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო.
„დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს! პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება! მინდა, მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატება საპატიო მისიის აღსრულებაში“, - განაცხადა ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
გუშინდელი ღონისძიება კი მიხეილ ყაველაშვილის სიტყვის გამოსვლით დასრულდა.
„ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში – შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა…
მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი – ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს...
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს! წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”.., – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმით, ის აპირებს იყოს „ყველას პრეზიდენტი“ და მისი საქმიანობა საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ იქნება მიმართული.
„ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ.
მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე – ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ”, - განაცხადა ყაველაშვილმა.
ყაველაშვილი საინაუგურაციო ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ღონისძიებას ესწრებოდა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყვნენ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
ინაუგურაციაზე დიპლომატიური კორპუსი მოწვეული არ იყო.