თბილისი (GBC) - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც მსჯელობენ. შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვითარება სულ უფრო მწვავდება.

„განვიხილავთ საქართველოს საკითხს, სიტუაცია უფრო მეტად სერიოზული ხდება. სწორედ ამიტომ, 6 მარტიდან ამოქმედდა სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ, მეტი რისი გაკეთება შეიძლება, რადგან საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით“, - აღნიშნა კალასმა.

გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, მინისტრების შეხვედრის მთავარ თემებს შორის ასევე არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.