თბილისი (GBC) – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა (Christine Lagarde) განაცხადა, რომ ევროკავშირს ეკონომიკური განვითარების არსებული მოდელის გადახედვა სჭირდება, რადგან იგი სულ უფრო ნაკლებად შეესაბამება მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებს. ამის შესახებ გაზეთი The Financial Times წერს.
ლაგარდის თქმით, ევროპა დიდწილად ეყრდნობა ექსპორტზე დაფუძნებულ ზრდას, რაც ახალ გეოპოლიტიკურ და სავაჭრო გარემოში უფრო დაუცველს ხდის ევროკავშირის ეკონომიკას.
ლაგარდის შეფასებით, ბოლო წლებში ევროკავშირმა ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, გაეძლიერებინა შიდა ბაზარი, ტექნოლოგიური სექტორი და ინოვაციები, რის გამოც ევროპა კონკურენციაში ჩამორჩება როგორც შეერთებულ შტატებს, ისე ჩინეთს.
მისი განცხადებით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს შიდა ეკონომიკური ინტეგრაცია, შეამციროს წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერები და გაამარტივოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. მისი თქმით, შიდა ბაზარზე არსებული რეგულაციური ბარიერები ეკონომიკური ეფექტით დაახლოებით 100%-იან ტარიფს ჰგავს მომსახურებაზე და 65%-იანს საქონელზე.
ლაგარდმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე ენერგეტიკის, უსაფრთხოებისა და კრიტიკული ნედლეულის მიწოდებაში, რაც გლობალური დაძაბულობის პირობებში დამატებით რისკებს ქმნის.
მისი თქმით, თუ ევროკავშირი სწრაფად არ გაატარებს ეკონომიკურ რეფორმებს, რეგიონი შეიძლება აღმოჩნდეს დაბალი ზრდის ხანგრძლივი პერიოდის წინაშე.