თბილისი (GBC) - გალტ&თაგარტის კვლევის თანახმად, 2025 წლის ნოემბერში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები მაღალ დონეზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე, რაც მოთხოვნის აღდგენაზე მიუთითებს. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობამ კლება განაგრძო, თუმცა, ჯამურად, 2025 წლის 11 თვეში, კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა. შედეგად, ფასის ზრდის ტემპი პირველად და მეორად ბაზარზე დაჩქარდა, მოთხოვნის გაძლიერების და მიწოდების ზრდის ტემპის შენელების ფონზე.

მოთხოვნა

2025 წლის ნოემბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,726 შეადგინა, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 13.2%-ით გაიზარდა (11 თვეში +2.6% წ/წ).
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 1.8%-ით შემცირდა (11 თვეში +5.1% წ/წ).

გალტ&თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2025 წლის ნოემბერში გაყიდვები წლიურად მცირედით, 0.8%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ნოემბერში გაყიდვები კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და 2025 წელს მეოთხე ყველაზე ძლიერი თვე იყო. ჯამურად, 2025 წლის 11 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 17.2%-ით გაიზარდა, გალტ & თაგარტის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით.

2025 წლის 11 თვეში თბილისში სულ 37,930 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ $3.1 მლრდ შეადგინა (+12.1% წ/წ).

მიწოდება

2025 წლის ნოემბერში ნებართვა გაიცა 11 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 121 ათას კვ.მ-ს შეადგენდა (-32.2% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 11 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 4%-ით შემცირდა. მიუხედავად შემცირებისა, გაცემული ნებართვების მოცულობა გრძელვადიან საშუალოსთან შედარებით კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

ფასები

გალტ&თაგარტის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე დაჩქარდა და თვიურად 1%-ით გაიზარდა 1,366 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა და 1,297 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა

2025 წლის ნოემბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე $10.1 შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.9%.