თბილისი (GBC) - აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტს" (რუსთავის აზოტი ინდორამა) $50-მილიონიანი სესხი გამოუყო. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. როგორც ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სესხი საქართველოში, კომპანიის საწარმოო ობიექტების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მოდერნიზებას მოხმარდება.
„მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს კერძო სექტორს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია დეკარბონიზაციისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებისა და გაძლიერებისკენ“, - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.
ADB-ის ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის კუთვნილი ამიაკისა და მაღალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის საწარმოო ობიექტების მოდერნიზებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას. ინტეგრირებული მიდგომა გააძლიერებს სასუქის მიწოდების ჯაჭვებს, დაზოგავს ენერგიის მოხმარებასა და ყოველწლიურად მინიმუმ 120 კილოტონით შეამცირებს ნახშირბადის დიოქსიდის გამონაბოლქვს, რაც პროექტს ხდის მაღალეფექტიანს ამინდის ექსტრემალური პირობების შერბილების თვალსაზრისით. სესხის ნაწილი მწვანე სესხის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც შეესაბამება ფასიანი ქაღალდების ბაზრის ასოციაციის მწვანე სესხის პრინციპებს, ხოლო მიღებული თანხები მიმართულია შესაბამისი მწვანე პროექტების დაფინანსებაზე.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ADB-ის ნდობასა და პარტნიორობას. ეს დაფინანსება მნიშვნელოვნად დააჩქარებს რუსთავის აზოტის მოდერნიზაციისა და დეკარბონიზაციის პროცესს, ინდორამას მიერ შესყიდვის შემდეგ, რაც საშუალებას მოგვცემს დავნერგოთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რომლებიც სასარგებლოა როგორც ინდუსტრიისთვის, ისე გარემოსთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით რუსთავის აზოტის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას მიმდინარე განვითარებისა და საინვესტიციო ინიციატივების საშუალებით“, - განაცხადა ინდორამა კორპორაციის თავმჯდომარის მოადგილემ ამიტ ლოჰიამ.
ADB-მ ასევე გამოყო $500,000 ტექნიკური დახმარების სახით, რათა ხელი შეუწყოს მცირე ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებით დაკავებული ქალების ხელშეწყობას, ნიადაგის მართვასა და სასუქის ეფექტიან გამოყენებას მიწის დეგრადაციის შესამცირებლად ნიადაგის გაჯანსაღებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
შეგახსენებთ, სს რუსთავის აზოტი 1956 წელს საქართველოში დაარსდა. ის სასუქის ერთადერთი მწარმოებელია ქვეყანაში და ყველაზე დიდი ქიმიური და აზოტოვანი სასუქის მწარმოებელი სამხრეთ კავკასიაში. კომპანია სრულად ეკუთვნის კორპორაცია ინდორამას. ინდორამა, სათაო ოფისით სინგაპურში, ADB-ის მულტინაციონალური კლიენტია და მსოფლიოს მასშტაბით აგრარული მიწოდების ჯაჭვში საქმიანობს.
ADB კი საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.