თბილისი (GBC) - კოალიცია „ცვლილებისთვის“ მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ "არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც დღეს ე.წ. სასამართლომ დაადგინა". 

განცხადებაშია ხაზგასმულია, რომ დღეს სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები, რომლებიც ვერ გატეხეს.

„დღეს, ივანიშვილის რუსული რეჟიმის სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები. ადამიანები, რომლებიც მიუხედავად დიდი წნეხისა და ძალადობისა, ვერ გატეხეს. არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც დღეს ე.წ. სასამართლომ დაადგინა.

სწორედ სინდისის პატიმრების გაუტეხელობა და თავდადება არის ჩვენი ბრძოლის მაგალითიც, რადგან სწორედ რეჟიმის თამაშის წესების არმიღებასა და მუდმივ წინააღმდეგობაზე გადის გამარჯვების გზაც. ბრძოლა გამარჯვებამდე!“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები (ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი) სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ. 

ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უფრო კონკრეტულად, ზვიად ცეცხლაძე მუხლის გადაკვალიფიცირების შემდეგ დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის 226-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ეს დანაშაული სასჯელის უმაღლეს ზომად 3-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე მუხლით გადაუკვალიფიცირდათ დანაშაული ვეფხია კასრაძეს და ვასილ კარძელაშვილს და მათაც 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ირაკლი მიმინოშვილს 2-2-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მათ შემთხვევაშიც ბრალი 226-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.