თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ არჩეული პრაგმატული მიდგომა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ეფუძნება, წარმატებულია. პრემიერის თქმით, მთავრობა აქტიურად ზრუნავს საქართველოს დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან.

გამოსვლისას კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ზოგიერთ მათგანში არაფორმალური გავლენები იკვეთება. მისი შეფასებით, ნაცვლად სუვერენიტეტის დაცვისა, კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, დამატებით გამოწვევებს უქმნიან, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო წესრიგის კრიზისზე და აღნიშნა, რომ „წესებზე დაფუძნებული წესრიგი“ დიდწილად წარსულს ჩაბარდა. მისი თქმით, აუცილებელია მრავალეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება, რათა მსოფლიომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დაბრუნება შეძლოს.