თბილისი (GBC) - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დარბეული აქციის მიუხედავად, "2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა აბსოლუტურად უცხო მოვლენაა", - ამის შესახებ მან დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მან ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.

„თითოეული პოლიციელის როლი ამ პროცესების სწორად მართვაში იყო განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ვიცით არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები პოლიციელებზე, თუმცა საბოლოო ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ ნანახი გაქვთ მაგალითად ფრანგული კადრები, ჰოლანდიური, ამერიკული, გერმანული კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს იქაური პოლიციელები. როგორი უხეშია დაშლის ფორმები და ხშირად ეს დაშლა იღებს დარბევის სახეს. საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა. ყოველ ჯერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში. გვქონდა გარკვეული შუალედური პერიოდი, როდესაც ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს თხრიდა დემონსტრანტებს, როდესაც მას ერქვა შინაგან საქმეთა მინისტრი. ამას ის აკეთებდა თავის დროზე პატრონის დავალებით და დღეს უკვე პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ პოლიცია ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებს.

"ამერიკულზე და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა პოლიცია ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში. ასევე მადლობა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იყო რისკები, მათ შორის ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ყველა რისკი თავიდან იქნა არიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის, პრეზიდენტის და საერთაშორისო პარტნიორების მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებულია.

კობახიძემ თავისი პარტიის არგუმენტები მოიყვანა, რომლებითაც ეს გადაწყვეტილება გაამყარა. მისივე თქმით, საქართველო ღირსებით გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას და საკუთარი ხარჯებით დააფინანსებენ რეფორმებს.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

საპროტესტო აქციების უწყვეტი ტალღა დღემდე გრძელდება.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

1-2 დეკემბერსაც შსს-ს სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი. პოლიცია ისევ ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ დემონსტრანტს.

მედიის მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ შსს-ს სპეცრაზმელები მომიტინგეებს დასდევენ ქალაქის ქუჩებში, მათ შორის, აქციიდან გაქცეულ მომიტინგეებს ჰყვებიან: მეტროში, აფთიაქში, მაღაზიაში და ქაშვეთის ეკლესიაშიც კი.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი.