თბილისი (GBC) - ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, საქართველოში არსებულ ვითარებას რუსეთის გამარჯვების მაგალითი უწოდა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკუთარი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულა.
ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას, კოსმა განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ავტოკრატიული სისტემა დემოკრატიულ ხმებს ახშობს და ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებს.
ევროკომისრის შეფასებით, საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვება რუსეთის პოლიტიკურ წარმატებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული ღირებულებების დაცვა კონტინენტის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა ახშობს დემოკრატიულ ხმებს“, - განაცხადა მარტა კოსმა.
კოსმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, რომლებიც, მისი თქმით, თავს ესხმის სამოქალაქო სივრცეს. მან პირდაპირ დაადანაშაულა მმართველი გუნდი იმაში, რომ ისინი ამომრჩეველს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას აწვდიან.
ევროკომისრის თქმით, ხელისუფლება ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს და ამტკიცებს, რომ გაერთიანება თავად უნდა მოერგოს მათ პირობებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მიუხედავად მკაცრი შეფასებებისა, მარტა კოსმა დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. მან მიმართა მათ, ვინც დემოკრატიასა და თავისუფლებას აფასებს და აღნიშნა, რომ ევროპა ქართველ ხალხზე „ხელს არ იქნევს“.
11 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა - „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“.
აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 12 მარტს უყრიან კენჭს.