თბილისი (GBC) - ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას ულოცავს. „ძვირფასო მაია სანდუ, თბილად გილოცავთ მოლდოვას პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში.

მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ესტონეთის პრეზიდენტი, ალან კარისიც ულოცავს.

“გილოცავთ, არჩევნებში გამარჯვებას - მოლდოვას თავისუფლებისა და ევროპისადმი ერთგულებისთვის გამარჯვებას. ესტონეთი მოლდოვას გვერდით დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე”, - წერს კარისი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით კი, რუსეთის აგრესიული და მასიური ჩარევის მიუხედავად, მაია სანდუმ მოსკოვის ფავორიტი დაამარცხა.

“მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის აგრესიული და მასიური ჩარევის მიუხედავად, მაია სანდუმ მოსკოვის ფავორიტი დაამარცხა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო დღეებში და თვეებში სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება”, - წერს ტუსკი X-ზე.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და რეფერენდუმი 20 ოქტომბერს ჩატარდა.

რეფერენდუმის შეკითხვა იყო, უჭერენ თუ არა მხარს, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა. დადებითი პასუხი მოლდოველთა 50%-ზე მეტმა გასცა.

არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და ალექსანდრ სტოიანგლო.

სტოიანგლო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟეა. დოდონმა გადაწყვიტა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო და სწორედ სტოიანგლოს კანდიდატურას დაუჭირა მხარი.