თბილისი (GBC) – ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას შემოსავლების სამსახურის 180-მდე თანამშრომელი ემიჯნება. ამის შესახებ განცხადებას​ უწყების მოქმედი თანამშრომლები ავრცელებენ. ხელმომწერთა სია განახლებადია. 

"ჩვენ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, წლების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. მ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის ისტორიული სტატუსის მინიჭება მოჰყვა. საქართველოს მთავრობის განცხადება მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ათწლეულების განმავლობაში, ვინაიდან მოლაპარაკების გახსნიდან წევრად ქცევამდე ეტაპი ცალკე აღებული, თავისთავად ხანგრძლივი პროცესია და ამავდროულად, ევროკავშირის წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის სურვილზე, საჭიროებს, თავად ევროკავშირის შიგნით შესაბამისი პოლიტიკური სურვილისა და მზაობის არსებობას. ჩვენ, შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 177 თანამშრომელი აწერს ხელს.

მსგავსი შინაარსის განცხადება სხვა უწყებების თანამშრომლებმაც გაავრცელეს, მათ შორის ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით ჟურნალისტი და თანამშრომელი  სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში გმობს ძალადობას მოქალაქეების და კოლეგების მიმართ და მოითხოვენ, არხის ეთერი დაეთმოს საჯარო დისკუსიებს და საზოგადოებრივ აზრს.